პუბლიკაცია გადმოსცემს ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს გზავნილს და ეცდება პასუხი გასცეს კითხვას, რას გვპირდება სუბსიდიარობის პრინციპი. თავისი შინაარსით ის ახლოს დგას CTC -ის მისიასთან და ღირებულებებთან, როგორიც არის აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, ქმედითი ადგილობრივი თვითმმართველობა, ადამიანის თავისუფლება და დემოკრატიული მმართველობა. სწორედ სიცოცხლისუნარიანი სამოქალაქო აქტორები და დამოუკიდებელი თვითმმართველობა ქმნიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ეკოსისტემას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საზოგადოების სამართლიან განვითარებას და დემოკრატიზაციის შეუქცევად პროცესს.
სუბსიდიარული მიდგომა ქმნის შესაძლებლობას ვუზრუნველყოთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, ავტონომიური საზოგადოების განვითარება, შევქმნათ სამოქალაქო სექტორის სიცოცხლისუნარიანობის მეტი გარანტიები, წავახალისოთ საზოგადოებრივი ინიციატივები და მოქალაქეთა ჩართულობა, შევქმნათ უკეთესი საჯარო სერვისები და ვუზრუნველყოთ ადგილების განვითარება.
წარმოდგენილი პუბლიკაციის პირველი ნაწილი სუბსიდიარობის იდეის ჩასახვისა და განვითარების ისტორიას და მის მრავალმხრივ ფილოსოფიურ გააზრებას ეთმობა. მეორე ნაწილში მოცემულია პრინციპის პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები და პრაქტიკაში გამოყენების მექანიზმები.
იმედი გვაქვს, რომ ნაშრომი თავის წვლილს შეიტანს სუბსიადიარობის იდეის უკეთ გააზრებაში და ჩვენი საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს მოწყობის საკითხებთან დაკავშირებული დისკუსიის პროცესში. იმედი გვაქვს, რომ პუბლიკაციით დაინტერესდებიან ადამიანები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ან სურვილი აქვთ ჩაერთონ ქვეყნის განვითარების პოლიტიკის ფორმირების პროცესებში.
განსაკუთრებული მადლობა პუბლიკაციის ავტორებს, ზაზა ფირალიშვილს და ირაკლი კახიძეს ამ ინიციატივის გაზიარებისთვის და სტატიების მომზადებისთვის.
You must be logged in to post a comment.