დაარსების და განვითარების ისტორია

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) 1999 წელს დაარსდა. ახალგაზრდა, დამოუკიდებელ სახელმწიფოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა მთელი რიგი დაბრკოლებების ფონზე მიმდინარეობდა. საზოგადოების მობილიზაცია, კარგი ინიციატივების ეფექტური წარმართვა თუ ეფექტური მმართველობა საკმაოდ პრობლემატური იყო.

CTC-ის დამფუძნებლებს მიაჩნდათ, რომ საზოგადოებრივ თუ სახელმწიფო სექტორში სწორედ კარგი მართვის უნარები უნდა გამხდარიყო განვითარებისა და რეფორმების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი წინაპირობა. ცენტრის მიზანი და პროფილიც ამ მოსაზრების შესაბამისად განისაზღვრა: განვითარებისა და ცვლილებების პროცესების მონაწილე ინდივიდებისა და ინსტიტუტების ორგანიზაციული გაძლიერების მხარდაჭერა. ეს მიზანი 1999 წლიდან მოყოლებული ცენტრის ძირითად ღერძად დარჩა, თუმცა ეტაპობრივად გაფართოვდა როგორც სამუშაო მიმართულებები, ის მიზნობრივი ჯგუფებიც.  დღესდღეობით ცენტრი ემსახურება საზოგადოებრივ, საჯარო და კერძო სექტორებს და მათ ორგანიზაციული განვითარების სხვადასხვა ასპექტზე საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს.

ცენტრს თავიდანვე ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადეს ევროპულმა ფონდებმა Cordaid (ჰოლანდია); EED და Misereor (გერმანია). მათი დახმარებით მოხერხდა ცოდნის და ექსპერტიზის საქართველოში გადმოტანა და დაგროვება.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი ჩამოყალიბდა ერთი მხრივ, ზრდასრულთა განათლების ინსტიტუტად, რომელიც მხარს უჭერს თანამედროვე ლიდერობისა და სამუშაო კომპეტენციების მქონე ადამიანური კაპიტალის განვითარებას და მეორე მხრივ, საკონსულტაციო ცენტრად, რომელიც დახმარებას უწევს სხვადასხვა ორგანიზაციებს ორგანიზაციული სისტემების და სტრუქტურების გაძლიერებაში, ადეკვატური სტრატეგიებისა და მენეჯმენტის პრაქტიკის შემუშავებასა და დანერგვაში.

გასული წლების მანძილზე  ცენტრმა ორგანიზაციულ განვითარებაზე მიმართული არაერთი სასწავლო პროდუქტი შექმნა და განავითარა.  დღეს მის შეთავაზებებს შორისაა მოკლევადიანი ტრენინგები, მოკლე და გრძელვადიანი კურსები, ინდივიდუალური თუ ჯგუფური კონსულტაციები მართვისა და ინსტიტუციური განვითარების მრავალ სხვადასხვა საკითხზე.

გარდა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მოდულების შეთავაზებისა, ცენტრი თავად ახორციელებს განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებს როგორც განათლების, ისე სხვა სფეროებში. არის ჩართული დარგობრივ კვლევებში და ექსპერტული ჯგუფების მუშაობაში, მონაწილეობს მიმდინარე სახელმწიფო რეფორმებში. არის არაერთი ქსელის თუ კოალიციის შემქმნელი თუ წევრი. რაც მთავარია, კვლავაც აგრძელებს განვითარებისა და ცვლილებების აქტორების გაძლიერების მხარდაჭერას და საზოგადოების განვითარების დღის წესრიგის ერთგული რჩება. აქედან გამომდინარე ის აქტიურად ცდილობს სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების შექმნას. პროგრამები ორიენტირებულია კონკრეტულ სოციალურ საკითხებში ცვლილებების ინიცირებაზე და მათი გაუმჯობესების მხარდაჭერაზე.

ცენტრის პრიორიტეტული ინტერესის სფეროებია:

  • საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგრადობის უზრუნველყოფა;
  • ადგილობრივი ფილანტროპიის განვითარება;
  • სამოქალაქო კულტურისა და ქცევის სტიმულირება.
  • ადგილობრივი დემოკრატიისა და თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა;
  • სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა მეწარმეობისა და თემის განვითარებით

გვჯერა, რომ ამ მიმართულებით წარმატება განაპირობებს საზოგადოების მდგრად მოდერნიზებასა და გარდაქმნას და ასევე ქმნის ჩვენი საქმიანობის ღირებულებით პლატფორმას.

ცენტრის საქმიანობა შემდეგ პრინციპებს ეფუძნება:

  • პროფესიონალიზმი
  • პრაქტიკაზე ძლიერი ორიენტაცია
  • კონკრეტული ადგილობრივი სოციო-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით თანამედროვე მენეჯმენტის მიდგომების ადაპტირება.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მომსახურება და სასწავლო კურსები გამიზნულია შემდეგი აქტორებისთვის:

  • საზოგადოებრივი, არამომგებიანი ორგანიზაციები
  • საჯარო დაწესებულებები
  • განვითარების პროექტებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები
  • მცირე და საშუალო ბიზნესი
  • სოციალური საწარმოები
  • აქტიური მოქალაქეები
  • თემის ლიდერები

 

მათიას ვალენტინი, CTC-ის დამფუძნებელი, 2019 წელი

როგორ დავიწყეთ

CTC დაარსდა 1999 წელს. ეს ის დრო იყო, როცა   „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, საქართველო მოფლიოს ყველაზე კორუმპირებული სახელმწოფოების პირველ ათეულში შედიოდა. შემდეგ განვითარების პროცესი დაიწყო. მნიშვნელოვან მოვლენებს წარმოადგენდა 2003 წლის მშვიდობიანი „ვარდების რევოლუცია“  და 2012 წელს ძალაუფლების ცვლილება თავისუფალი არჩევნების გზით, რაც დემოკრატიული სიმწიფის მტკიცებულებაა. პოლიტიკოსების გარდა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს აღნიშნულ მოვლენებში.

საკუთარი მისიიდან გამომდინარე, CTC მხარს უჭერდა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და განვითარების სფეროში ჩართულ სხვა დაინტერესებულ მხარეებს, რათა მათ გაეძლიერებინათ გავლენა სოციალური და დემოკრატიული განვითარების პროცესებზე. შესაბამისად, CTC ქართული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

მსოფლიოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, როცა ნაციონალიზმისა და იზოლაციონიზმის მზარდი ტენდენციები უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც კი საფრთხეს უქმნის ღია საზოგადოების კონცეფციას, ნათლად გამოჩნდა, რომ დემოკრატიული  საზოგადოების ჩამოყალიბება არ არის არც ერთჯერადი და არც მუდმივი მიღწევა. მის შენარჩუნებას  აქტიური მოქალაქეების მხრიდან თანმიმდევრული ჩართულობა სჭირდება, რათა მთავრობამ იგრძნოს  პასუხისმგებლობა, დაიცვას ძირითადი დემოკრატიული წესები და ღირებულებები და ანგარიშვალდებული იყოს საკუთარი მოსახლეობის წინაშე. შესაბამისად,  CTC-ს მისია დღეს გაცილებით მეტ დატვირთვას ატარებს, ვიდრე ეს 20 წლის წინ იყო.

CTC-ს ვუსურვებ განაგრძოს თავის საქმიანობა და წარმატებული როლი შეასრულოს სამოქალაქო მონაწილეობის გაძლიერებისთვის დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში.