ქეთევან მჭედლიშვილი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თბილისიდან, სამოქალაქო ლიდერობის პროგრამაში 2018 წელს ჩაერთო. ის 5 წლის განმავლობაში მუშაობდა სკოლაში განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვებთან, ამჟამად კი აქტიურად თანამშრომლობს მრავლობითი შეზღუდვის მქონე ადამიანების ორგანიზაციასთან „ვოლფრამის სინდრომი საქართველო“, სადაც ორგანიზაციის დამფუძნებელ მაცაცო ხაჭაპურიძესთან ერთად სოციალური ინკლუზიის თემაზე საზოგადოებაში ცნობიერებას გაზრდაზე მუშაობს.
ქეთი ამბობს, რომ განსაკუთრებული საჭიროებების ადამიანებს ყველაზე მეტად თანასწორად აღიარება და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება სჭირდებათ: „მთავარია ადამიანში დაინახო მისი შესაძლებლობები, ნიჭი და განვითარების საშუალება მისცე, ამ ადამიანებმა უნდა შეძლონ საზოგადოებაში სრულად ინტეგრირება“ ამბობს ის. ქართული რეალობა ამის საშუალებას ნაკლებად იძლევა ერთის მხრივ ღრმად გამჯდარი სტერეოტიპების და არაინფორმირებულობის, მეორეს მხრივ კი სათანადო სერვისების სიმწირის გამო. ქეთის თქმით შშმ პირებს იშვითად აქვთ საშუალება ინკლუზიურ და მათ მიმართ მეგობრულ გარემოში გამოავლინონ საკუთარი ნიჭი, გაერთონ ან ისწავლონ; ამ ადამიანების საზოგადოებიდან გარიყვის ტენდენცია კვლავაც ძლიერია. სწორედ ამის შეცვლისკენ ისწრაფვის ქეთი მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად და აწყობს ინკლუზიურ გასვლით ტურებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ატარებს ტრენინგებს სოციალური ინკლუზიის თემაზე, მუშაობს მასწავლებლებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან, მოზრდილებთან და მათ ოჯახის წევრებთან.
ქეთი აღნიშნავს, რომ ამ პროცესში სამოქალაქო ლიდერობის პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნაც დაეხმარა, განსაკუთრებით ლიდერობისა და პროექტების მართვის კუთხით: „დღესაც თუ რამეს ვაკეთებ ეს ცოდნა მადგება, ვიცი რა როგორ დავიწყო და განვავრცო. ამ პროგრამამ თავდაჯერებულობა მომცა და [მონაწილეები] გუნდად ჩამოგვაყალიბა.“ ამბობს ის.
სამოქალაქო ლიდერობის პროგრამის დასრულებისთანავე ქეთიმ პროგრამის სხვა მონაწილეებთან თანამშრომლობა დაიწყო, რისი ერთ-ერთი შედეგიც გორის მუნიციპალიტეტში ორგანიზაცია „იმედის სხივის“ მიერ ორგანიზებულ ბანაკში ბავშვებისთვის სოციალური ინკლუზიის თემაზე გამართული შეხვედრა იყო. ამჟამად ქეთი განაგრძობს სოციალური ინკლუზიის პოპულარიზაციაზე მუშაობას საქართველოს რეგიონებში და თანამოაზრეებთან ერთად ცდილობს თემისადმი მხარდაჭერის გაზრდას როგორც სახელმწიფოს, ასევე ფართო საზოგადოების მხრიდან.
You must be logged in to post a comment.