“ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა – მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 3” ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში. პროექტის ფარგლებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაფინანსებული მიკრობიზნესების სამეწარმეო უნარების განვითარებას. ამისათვის გათვალისწინებულია პროფესიული სწავლება, მონიტორინგი და კონსულტირება, ასევე მენტორებისა და ახალბედა ბიზნესმენების შეხვედრები. აღნიშნული შეხვედრები მნიშვნელოვანია დამწყებთა მოტივაციის ამაღლებისა და სწორი ხედვის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
პროექტის წინა ფაზაში დაფინანსებულ მეწარმეთაგან შეირჩა ათი მენტორი, ვინც წარმატებულად განავითარა საკუთარი ბიზნესი, დააგროვა საკმარისი გამოცდილება და, რაც მთავარია, ფლობს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ცოდნის გაზიარების, კომუნიკაციისა და მოტივირების უნარი.
სექტემბერში შვიდი მენტორი შეხვდა თერთმეტ დამწყებ მეწარმეს და გაუწია მათ საკონსულტაციო დახმარება. მენტორული შეხვედრების შემდეგ ყველა მონაწილე ბენეფიციარმა კმაყოფილება გამოხატა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ მენტორებმა დაანახეს მათ, თუ რისი მიღწევა შეიძლება ხანმოკლე პერიოდში, და რა კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო წარმოების გასაუმჯობესებლად.
გაგაცნობთ ორ მენტორს:
მანუჩარ აბულაძეს აქვს სასათბურე მეურნეობა სოფ. სვეტმაღალში. მას კონსულტაციისათვის ეწვია პროექტის სამი ბენეფიციარი. მენტორმა მათ გაუზიარა საკუთარი გამოცდილება რენტაბელური კულტურების წარმოებისა და სათბურის ფართის ოპტიმალური გამოყენების შესახებ, მიმოიხილა გამოყენებული აგროტექნოლოგიები, სამკურნალო პრეპარატები და სასუქები. ვიზიტის დროს დამწყებ მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
„ბევრი ისეთი რამ ვისწავლე, რაც ადრე არ ვიცოდი. მენტორმა, ბატონმა მანუჩარ აბულაძემ, ძალიან საინტერესოდ ისაუბრა, აუცილებლად გავითვალისწინებ მის გამოცდილებას და რეკომენდაციებს“, – ამბობს ხათუნა გვალია სოფ. ზედა საქარიდან, რომელმაც წელს დაიწყო პომიდვრის წარმოება. „აუცილებლად დავრგავ კარტოფილს, რადგან დავრწმუნდი მის მომგებიანობაში. ეს შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო ჩემთვის“, – აღნიშნა გოდერძი მჭედლიძემ სოფ. გაღმა ბოსლევიდან.
ქ-ნ მარინე თენიეშვილს მოჰყავს ვარდები სოფ. ტაბანათში. მან მენტორობა გაუწია ვარდების მოყვანის ტექნოლოგიაზე სოფ. ზეინდარში მცხოვრებ ოჯახს, ვალერი და ნათია ხელაძეებს. მენტორის დახმარებით ვალერი და ნათია გაეცვნენ ვარდების მოყვანისთვის ნიადაგის მომზადების, მორწყვის, შეწამლვის, სასუქის შეტანის და სხვა საკითხებს. იყო პერიოდი, როდესაც ნათია ფიქრობდა სამუშაოდ წასვლას სოფლიდან. მისი მეუღლის მიერ დაფინანსების მოპოვების შემდეგ ნათიამ გადაწყვიტა სოფელში დარჩენა და ოჯახურ საწარმოში აქტიური ჩართვა.
მენტორების შეხვედრები პროექტის ბენეფიციარებთან გაგრძელდება.
You must be logged in to post a comment.