დასრულდა მესამე საგრანტო კონკურსი, რომელიც გამოცხადებული იყო „მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროექტი 3“-ს ფარგლებში. „მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 3“ ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენების კომპანიაში. პროექტის მიზანია პოზიტიური ურთიერთობების გაღრმავება BP-სა და ბაქო-სუფსის მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლების მოსახლეობას შორის მცირე ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების ხელშეწყობის საშუალებათა შექმნით.
კონკურსი გამოცხადდა ამა წლის იანვრის მეორე ნახევარში, ჩატარდა ინდივიდუალური და სათემო საინფორმაციო შეხვედრები ყველა სამიზნე სოფლის მოსახლეობასთან. უნდა აღინოშნოს, რომ სამიზნე სოფლების სიას დაემატა სოფ. ბაღლეფი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), რომლის მცხოვრებლების ნაწილი ფლობს ახლად დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს ბაქო-სუფსის მილსადენის ორკილომეტრიან დერეფანში. სულ საინფორმაციო კამპანიის შედეგად შემოვიდა 267 განაცხადი ბიზნეს-იდეების აღწერით. განაცხადები განიხილა კომისიამ, რომელიც შედგებოდა პროექტის გუნდისა და ბიზნესის განვითარების მოწვეული ექსპერტისაგან, რის შედეგადაც 86 ადამიანი გადავიდა კონკურსის შემდედ ეტაპზე, ბიზნესის დაგეგმარების ტრენინგზე. უნდა აღინიშნოს, რომ წელს, საგანგებო მდგომარეობის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ბიზნესის დაგეგმარების ტრენინგი დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. სპეციალურად ამისათვის მომზადდა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ინტერნეტში დაიდო, საიდანაც კონკურსანტებმა გადმოწერეს მასალები. მიუხედავად მათთვის უჩვეულო ფორმატისა, ყველა კონკურსანტმა შეძლო ბიზნეს-გეგმის დამოუკიდებლად შემუშავება და წარმოდგენა. რასაკვირველია, პროექტის თანამშრომლები აქტიურად უწევდნენ კონსულტაციას კონკურსანტებს ბიზნეს-გეგმის დაწერასთან დაკავშირებულ კითხვებზე. აპრილის ბოლოს სულ წარმოდგენილი იქნა 83 ბიზნეს-გეგმა, რომელთაგან 69 – დამწყები, ხოლო 17 – არსებული ბიზნესების მიერ.
ბიზნეს-გეგმები შესარჩევმა კომისიამ ასევე დისტანციურ რეჟიმში განიხილა. მაისის ბოლოს, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, პროექტის თანამშრომლებმა ადგილზე მოინახულეს კონკურსის მონაწილეები და გაესაუბრნენ თავიანთ ბიზნეს-იდეებთან დაკავშირებით. შერჩევის საბოლოო ეტაპზე, ანუ პრეზენტაციაზე, სულ 41 ადამიანი გადავიდა. წინა წლებისგან განსხვავებით, პრეზენტაცია წელს ასევე დისტანციურად, ტელეფონით ჩატარდა. საბოლოო ჯამში დასაფინანსებლად შერჩეულ იქნა 36 პროექტი (32 დამწყები და 4 არსებული მიკრო მეწარმე), რომელთა დაფინანსება მოხდებოდა ორ ნაკადად, ზაფხულში – ოცი ადამიანის, ხოლო 2021 წლის იანვარში – დარჩენილი თექვსმეტის.
ყველა გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულებები, რისთვისაც მათ წარმოადგინეს საჭირო საბუთები. ჩვიდმეტი მიკრო მეწარმე დაფინანსდა ივნისში, კიდევ ორი – ივლისში, საერთო ჯამში მათ პროექტისგან მიიღეს 43400 ლარი. ერთი, მისი თხოვნით, დაფინანსდება სექტემბერში. ივლისის ბოლოს დაფინანსებულმა მიკრო მეწარმეებმა დაამთავრეს კაპიტალური აქტივების შესყიდვები. ისევე, როგორც წინა წლებში, სავალდებულო პირობას წარმოადგენდა ბენეფიციარის თანადაფინანსება, რომელიც მთლიანი საინვესტიციო ბიუჯეტის მინ. 30%-ს შეადგენს დამწყები ბიზნესის შემთხვევაში და მინ. 40%-ს – არსებული ბიზნესის შემთხვევაში.
საერთო ჯამში, შერჩეული 36 მიკრო მეწარმისგან 13 (ანუ საერთო რაოდენობის 36%) არის დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო წარმოებასთან, 23 (საერთო რაოდენობის 64%) არასასოფლო-სამეურნეო წარმოებასა და მომსახურებასთან. სასოფლო-სამეურნეო მიმართულებებს შორის ყველაზე დიდი რიცხვი მოდის სათბურებსა და საფუტკრე მეურნეობებზე, ხოლო არასასოფლო მიმართულებებსა და მოსამხურებას შორის – აგროსერვისებზე, ავეჯის საამქროებსა და სილამაზის სალონებზე. ქალები შეადგენენ დასაფინანსებელ მიკრო მეწარმეთა მთლიანი რაოდენობის 28%-ს, ხოლო 35 წლამდე ახალგაზრდები – ასევე მთლიანი რაოდენობის 28%. აღსანიშნავია, რომ ცხრა მიკრო მეწარმე დააარსებს ახალ საწარმოს, რომელსაც ადრე მათ სოფელში ანალოგი არ ჰყავდა.
„არ მჯეროდა, საგრანტო კონკურსში თუ გავიმარჯვებდი, მცირე ბიზნესის განვითარების პროექტის განხორციელება ჩვენს სოფელში წელს დაიწყო. ხალხიც, გარკვეულწილად, სკეპტიკურად იყო განწყობილი. მაგრამ როცა გაიგეს, რომ სოფელში ორი პროექტი დაფინანსდა, ბევრს გაუჩნდა ინტერესი და მონაწილეობის სურვილი,“ – ამბობს ბესიკ მოქია, სოფ. ბაღლეფიდან. „მე დიდი ხანია მინდოდა ავეჯის საამქროს გახსნა, ხელობაც კარგად ვიცი და გამომდის, მაგრამ მიჭირდა თანხის თავმოყრა იარაღების შესაძენად. თქვენი პროექტის დახმარებით დავაარსებ ავეჯის საამქროს და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მომხმარებელი მეყოლება სოფელშიც და მის ფარგლებს გარეთ. დიდ მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის თქვენს ორგანიზაციას და bp-ს“.
ნინო თავდგირიძე სოფ. ამაღლებიდან (ვანის მუნიციპალიტეტი) ამბობს: „სოფელში დიდი ხანია იყო მოთხოვნა სილამაზის სალონის შექმნაზე და მეც სურვილი მქონდა გამეხსნა სალონი, მით უმეტეს, რომ პროფესიული გამოცდილება ხელს მიწყობს. წინა წელს ვმონაწილეობდი კონკურსში, მაგრამ ვერ გავიმარჯვე, რადგან ვერ ჩამოვყალიბდი შენობასთან დაკავშირებით. წელს კი მოვახერხე საქმის ბოლომდე მიყვანა და უკვე სალონის რემონტიც დავასრულე, ასე რომ თქვენი წყალობით სოფ. ამაღლების მკვიდრებს აღარ მოუწევთ ვანში წასვლა ვარცხნილობის გასაკეთებლად ან თმის შესაღებად, და ყოველთვის ექნებათ შესაძლებლობა კიდევ უფრო ლამაზად გამოიყურებოდნენ. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა bp-ს და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს, რადგან თქვენი დახმარების გარეშე მე სალონს ვერ გავხსნიდი“.
You must be logged in to post a comment.