დასრულდა მეორე საგრანტო კონკურსი, რომელიც გამოცხადებული იყო „მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროექტი 3“-ს ფარგლებში. „მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 3“ ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენების კომპანიაში. პროექტის მიზანია პოზიტიური ურთიერთობების გაღრმავება BP-სა და ბაქო-სუფსის მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლების მოსახლეობას შორის მცირე ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების ხელშეწყობის საშუალებათა შექმნით.
განაცხადების განხილვის შემდეგ ბიზნეს-გეგმის შემუშავების ეტაპზე სულ 83 ადამიანი გადავიდა. ისინი მოწვეული იყვნენ ბიზნეს-გეგმის შედგენის ტრენინგებზე, რომელთა მიზანი იყო მათი აღჭურვა ცოდნით, რომელიც საშუალებას მისცემდა დამოუკიდებლად შეემუშავებინათ ბიზნეს გეგმა, გაეანალიზებინათ თავიანთი პროდუქტი, სამიზნე ბაზარი, რისკები, გაეკეთებინათ ფინანსური პროგნოზები და ა.შ. ბიზნესის დაგეგმარების ტრენინგის გავლის შემდეგ სულ წარმოდგენილი იქნა 72 ბიზნეს-გეგმა რომელთაგან 64 დამწყები, ხოლო 8 – არსებული ბიზნესების მიერ.
საკონკურსო შერჩევის პროცესი სამ ეტაპს მოიცავდა: პირველადი განხილვა, ბენეფიციარების ადგილზე მონახულება-გასაუბრება და ბიზნეს-გეგმის პრეზენტაცია. ესოდენ ძირფესვიანი შერჩევის მიზანს წარმოადგენდა არა მხოლოდ საუკეთესო ბიზნეს-გეგმების გამოვლენა, არამედ კონკურსანტების არსებული პირობების, უნარიანობისა და მოტივაციის შეფასება. საბოლოო ჯამში დასაფინანსებლად შერჩეული იქნა 18 პროექტი (16 დამწყები და 2 არსებული), რომელთაგან ორი ქალბატონი და სამი 35 წლამდე ახალგაზრდაა.
მაისის ბოლოს გამარჯვებულ კონკურსანტებთან გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულებები, რისთვისაც მათ წარმოადგინეს რიგი მოთხოვნილი საბუთებისა. დღეისათვის თითქმის ყველა მათგანმა მიიღო დაფინანსება, შეისყიდა და ადგილზე მიიტანა მოთხოვნილი კაპიტალური აქტივები. ორი დარჩენილი ბენეფიციარი მიიღებს დაფინანსებას სექტემბერში, როდესაც უნდა განახორციელონ შესყიდვები. ისევე, როგორც წინა კონკურსების ფარგლებში, სავალდებულო პირობას წარმოადგენდა ბენეფიციარის თანადაფინანსება, რომელიც მთლიანი საინვესტიციო ბიუჯეტის მინიმუმ 30%-ს შეადგენს.
„არ მეგონა, საგრანტო კონკურსში თუ გავიმარჯვებდი, დიდი კონკურენცია იყო. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა BP-ს და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს, რადგან თქვენი დახმარების გარეშე მე წისქვილს ვერ დავაარსებდი,“ – ამბობს ელზა სუთიძე, სანდომიანი ახალგაზრდა ქალბატონი ჭიათურის სოფ. სვერიდან. ელზა დედისერთაა და მისი დიდი სურვილია ააღორძინოს წლების წინ არსებული ოჯახური ბიზნესი. „სოფელში დიდი მოთხოვნაა სიმინდის დაფქვაზე და დაღერღვაზე, ასევე ტაროიანი სიმინდის დაქუცმაზებაზე. მოვემსახურები არა მარტო სვერს, არამედ სამ მიმდებარე სოფელსაც, ადამიანებს აღარ დასჭირდებათ შორს წასვლა სიმინდის დასაფქვავად“, – ამბობს ის და აგრძელებს: „დაფინანსებასთან ერთად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბიზნეს-ტრენინგი, რომელმაც დამანახა, თუ როგორი იქნებოდა ჩემი მუშაობის ეკონომიკური შედეგი და კიდევ უფრო დამარწმუნა ჩემი იდეის სიცოცხლისუნარიანობაში“.
You must be logged in to post a comment.