მარინა კაკიაშვილი-რუაძე გურჯაანიდან სამოქალაქო ლიდერობის პროგრამის 2018 წლის მონაწილეა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოტაა სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია და ერთ-ერთი მის მიერ დაარსებული არასამთავრობოა „ქალები რეგიონიდან – საზოგადოების განვითარებისთვის“.
მარინას თქმით რეგიონში ნაკლებადაა ხელმისაწვდომი ინფორმაცია და სერვისები ბავშვთა ფსიქიკური განვითარებისა და ნევროლოგიის კუთხით – გურჯაანში ფაქტიურად არ არიან ბავშვთა ფსიქოლოგები, ვინც ბაღებსა და სკოლებში იმუშავებდნენ, ამასთან მშობელთა ცნობიერებაც დაბალია. სწორედ ამიტომ მისმა ორგანიზაციამ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF) მხარდაჭერით განახორციელა პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის 12 საბავშვო ბაღში მშობლებთან და აღმზრდელებთან თბილისიდან მოწვეული ფსიქოლოგებისა და ნევროლოგების კონსულტაციებს მოიცავდა. საერთო ჯამში პროექტით 400 ადამიანმა ისარგებლა, თუმცა მსგავსი პროექტების საჭიროება მუდმივად დგას.
აღნიშნული პროექტი მარინამ სამოქალაქო ლიდერობის პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ შეიმუშავა. მისი თქმით სამოქალაქო ლიდერობის პროგრამა მისთვის სასარგებლო აღმოჩნდა პრაქტიკული მაგალითებისა და ახალი ცოდნის მიღების თვალსაზრისით „ბევრი რამ არ ვიცოდით, ახლა უფრო ღრმა ანალიზს ვაკეთებთ ბევრ საკითხზე.“
რეგიონისთვის კვლავაც გამოწვევად რჩება ოჯახში ძალადობა, ქალთა გაძლიერება და ჩართულობა – სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს მუშაობის გაგრძელებას მარინა და მისი ორგანიზაცია „ქალები რეგიონიდან“.
You must be logged in to post a comment.