კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის “ინოვაციური სოციალური იდეები კოვიდ-19-ის საპასუხოდ” ფარგლებში დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტი დასრულდა.
კონკურსი მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინოვაციური იდეების მხარდაჭერას, რომლებიც გააუმჯობესებენ და/ან გააფართოვებენ წვდომას სოციალურ სერვისებზე და ინტეგრაციის შესაძლებლობებზე კოვიდ-19-ის კრიზისით დაზარალებული ჯგუფებისათვის.
პროექტი: “მათთვის ვისთვისაც ცხოვრება ძნელია“ (კარგი ადგილი ხანდაზმულთათვის)
2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის დაფინანსებით ორგანიზაცია კულუტურულ ურთიერთობათა ცენტრმა – კავკასიურმა სახლმა განახორციელა პროექტი „მათთვის ვისთვისაც ცხოვრება ძნელია“. პროექტის მიზანს წარმოადგენდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაღაროში სანიტარულ-ჰიგიენური ცენტრის აშენება, რომელიც უსასყიდლოდ მოემსახურება ადგილობრივ სოციალურად მოწყვლად ხანდაზმულებს.
კოტეჯის ტიპის ჰიგიენურ-სანიტარული ცენტრი გაიხსნა 2021 წლის 18 ივნისს, სადაც ფუნქციონირებს უფასო აბანო, სამრეცხაო, კოსმეტიკური პუნქტი და სასაუზმე. ცენტრის გახსნის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიასა და კავკასიურ სახლს შორის, რაც უზრუნველყოფს პროექტის მდგრადობას და ბენეფიციართათვის სერვისის მიწოდებას. მემორანდუმის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ფინანსურ მხარდაჭერას გაიღებს, რაც მოიცავს ბენეფიციართა ტრანსპორტირებასა და ცენტრში დასაქმებულთა ხელფასებს.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჰიგიენურ-სანიტარული ცენტრის სოციალურ საწარმოდ დარეგისტრირება. ხანდაზმულთათვის უფასო სერვისის მიწოდების გარდა, სალონი შესთავაზებს ადგილობრივ მაცხოვრებლებს ფასიან სერვისს, რაც დაეხმარება ცენტრს უზრუნველყოს ბენეფიციარებისათვის სერვისის უწყვეტი მიწოდება.
პროექტი განხორციელებულია კავკასიური სახლის გუნდის მიერ, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით, Bread for the World-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ჯანმრთელობის, ზრუნვის და სოციალური უფლებებისთვის“ ფარგლებში.
You must be logged in to post a comment.