პროექტის განმახორციელებელი: პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია და ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის
პროექტის ხანგრძლივობა: 6 თვე
კონტექსტი და პრობლემა:
2017-2019 წლების მანძილზე ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 8 მლნ ლარით გაიზარდა. გაზრდილი ბიუჯეტის 70% სტაციონარგარეშე სერვისების განვითარებაზე განაწილდა, კერძოდ, სათემო ფსიქიატრიული ამბულატორიებისა და სათემო ფსიქიატრიული მობილური გუნდების დაფინანსებას მოხმარდა.
2020 წელს კვლავ დაგეგმილია ბიუჯეტის 3 მილიონი ლარით გაზრდა. ბიუჯეტის ასეთი მატება ზრდის ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე მომუშავე პირებისა და ორგანიზაციების პასუხისმგებლობას.
მნიშვნელოვანია, რომ ამ თანხების მომატება რეალურად აისახოს მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების ხარისხზე და მათი განაწილება მიზნობრივად, საჭიროებების გათვალისწინებით მოხდეს.
სამომავლო განვითარებისთვის აუცილებელია შეფასდეს 2017-2019 წლების მანძილზე გაზრდილი დაფინანსებით მიღებული შედეგები, გამოვლინდეს ის სირთულეები, რომლებიც გაზრდილი დაფინანსების პირობებში ხელს უშლის სერვისების წარმატებით მუშაობას და დაისახოს მათი გადაჭრის გზები.
პროექტის მიზანი და ამოცანები: პროექტის მიზანია სათემო ამბულატორიული მომსახურების (საფს) და თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების მომსახურების ეფექტურობის შეფასება და მიღებული შედეგების საფუძველზე სერვისების განვითარების სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრა.
პროექტის ამოცანებია:
- საქართველოში მომუშავე ყველა (17 საფს-ი) სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული მომსახურების (საფს) ხარისხისა და მოცულობის შეფასება;
- საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების (26 გუნდის) მომსახურების ხარისხისა და მოცულობის შესწავლა;
- სტაციონარგარეთა სერვისების მომსახურების გაუმჯობესების ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა.
კვლევის შედეგი: კვლევის მონაცემები დამუშავდება სტატისტიკურად, გაანალიზდება და მიღებული შედეგების საფუძველზე შემუშავდება რეკომენდაციები სტაციონარგარეშე სერვისების მომსახურების ეფექტურობის ზრდასთან დაკავშირებით.
მეთოდოლოგია: კვლევის ფარგლებში მოხდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომუშავე სათემო ამბულატორიული სერვისებისა და თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების მომსახურების ხარისხისა და მოცულობის შეფასება.
სტაციონარგარეთა ფსიქიკური ჯანმრთელობის (ფჯ) სერვისების ხარისხისა და მოცულობის შეფასება მოხდება თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდებით.
თვისებრივი კვლევის ფარგლებში ყველა სათემო ფსიქიატრიულ ამბულატორიისა (17 საფს-ი) და მობილური გუნდის (26 ფჯ გუნდი) სერვისში ჩატარდება ფოკუს ჯგუფების კვლევა.
სტრუქტურირებული ინტერვიუები ჩატარდება ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებთან, მათი ოჯახის წევრებთან/მზრუნველებთან და სერვისში მომუშვე სპეციალისტებთან.
პროცესში გამოყენებული იქნება სტანდარტიზებული, დამტკიცებული შეფასების კითხვარები: http://teenmentalhealth.org/
You must be logged in to post a comment.