ცაგერის მკვიდრი, 24 წლის თამარ დავითულიანი ადრეული ასაკიდან სწავლას, მუშაობას და ოჯახზე ზრუნვას უთავსებს ერთმანეთს და ცდილობს საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებები განახორციელოს მშობლიურ ცაგერში. 2018 წელს თამარი სწორედ ამიტომ ჩაერთო სამოქალაქო ლიდერობის პროგრამაში. მისი თქმით ცაგერში მყოფ ახალგაზრდებს მსგავსი ცოდნის ადგილზე მიღების შესაძლებლობა იშვიათად ეძლევათ: „ისეთ პატარა, მიუდგომელ რაიონში როგორიც ჩვენია, ინფორმაცია თითქმის არ მოდის, არ ვიცით რა ხდება ირგვლივ, რა ხდება დედაქალაქში, კულტურის კერაც უფრო დედაქალაქია. ჩვენამდე კი სიახლეები ან გვიან, ან საერთოდ ვერ აღწევს“ ამბობს ის. თამარი თვლის, რომ სწორედ ესაა ცაგერიდან ახალგაზრდების მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი – რაიონი არც დასაქმების თვალსაზრისითაა მიმზიდველი და თვითრეალიზაციის შესაძლებლობასაც ნაკლებ იძლევა.
თამარი ამბობს, რომ სამოქალაქო ლიდერობის პროგრამა დაეხმარა იმ ცოდნის მიღებაში, რაც მისთვის საინტერესო საქმიანობის განხორციელებაში ადგება: „კარგი რომ გინდა გააკეთო, ამის ცოდნაც უნდა გქონდეს. თქვენი პროგრამის ფარგლებში თეორიულადაც გავდიოდით საკითხებს, პრაქტიკაც გვქონდა და უკუკავშირსაც ვიღებდით. რეალურად გამოსადეგი კურსია მათთვის, ვინც არასამთავრობო სექტორშია“ ამბობს ის.
პროგრამის შემდეგ თამარი აქტიურად ჩაერთო ლეჩხუმის ტურისტული აუდიო ცნობარის კეთების პროცესში. თვლის, რომ მსგავსი საქმიანობა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს უკეთ წარმოაჩენს და თემისთვის სასიკეთო იქნება. ამასთან, საკუთარი ორგანიზაციაც ჩამოაყალიბა, ეძებს თანამოაზრეებს და სურს ადგილზე დარჩენილ ახალგაზრდებს მეტი შესაძლებლობა მისცეს თვითრეალიზაციისთვის „განათლებას ყველაზე წინ ვაყენებ. არაა აუცილებელი ფორმალური იყოს, ადგილზე ჩატარებული არაფორმალური კურსები, რომელიც კონკრეტულ ცოდნას მისცემს ახალგაზრდებს, ახალ შესაძლებლობებს გახსნის მათ წინაშე.“ ამბობს ის.
You must be logged in to post a comment.