გაიცანით სათემო ორგანიზაცია „გუმბათის“ ინიციატივა, რომელიც მხარს უჭერს წალკის გოგონათა საფეხბურთო გუნდს და ეხმარება გოგონებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში.
ეს ფეხბურთელი გოგონები ამსხვრევენ სტერეოტიპებს და გვაძლევენ გამბედაობისა და მიზანდასახულობის გამორჩეულ მაგალითებს – „გოგონებს ყველაფერი შეგვიძლია, მათ შორის ფეხბურთის თამაში“ – ამბობს გუნდის ერთ-ერთი წევრი სოფელ ახაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე. გოგონებმა შეხვედრაზე ასევე აღნიშნეს რომ ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევთ როგორც საკუთარ ოჯახებთან, ასევე მთლიანად თემში, რომ შეძლონ მათთვის საყვარელი საქმის კეთება, ფეხბურთის თამაში.
ბიჭები რომ სკოლაში სპორტზე ფეხბურთს თამაშობდნენ, მეც ძალიან მომინდა თამაში და ასე ავიყოლიე სხვა გოგონები“ – ამბობს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი.
გოგონებს ოცნების ახდენაში სკოლის სპორტის მასწავლებელი დაეხმარა, მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო გუნდის ჩამოყალიბებისთვის.
„ჩვენ ყველაფრისთვის ვიბრძვით“- აცხადებენ გუნდის წევრები და იმედით უყურებენ თავიანთ მომავალს.
11 ოქტომბერს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ფეხბურთელი გოგონები სოფელ ახაშენის სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ, მათთან ერთად ითამაშეს მხიარული სტარტები, კითხვა პასუხის რეჟიმში ისაუბრეს სპორტის და გუნდურობის მნიშვნელობაზე, გენდერულ როლებთან დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე და წარმატების მიღწევის სხვადასხვა გზებზე. ინიციატივის ფარგლებში გოგონები წალკის მუნიციპალიტეტში თანატოლებთან სხვა შეხვედრებსაც გამართავენ.
„გუმბათის“ ინიციატივა ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.
You must be logged in to post a comment.