კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა და კონრად ადენაუერის ფონდმა რობერტ შუმანის ფონდის პოლონეთის ოფისის აქტიური მხარდაჭერით დავიწყეთ „ევროპული კლუბების“ პროექტის განხორციელება. პროექტის განხორციელებაში ასევე მხარს გვიჭერენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. პროექტი საპილოტეა და დაინერგება საქართველოში არსებულ 6 სკოლაში.
· რას წარმოადგენენ ევროპული კლუბები?
ევროპული კლუბი ეს არის ევროპული ღირებულებებით, ევროპული კულტურით, ევროპული ფასეულობებითა და ზოგადად ევროპით დაინტერესებული მოსწავლეების გაერთიანება. კლუბები, როგორც წესი ყალიბდება და ფუნქციონირებს სასკოლო სივრცეში. ერთი მხრივ, მოსწავლეები იღებენ ევროპასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე საინტერესო ინფორმაციას, მეორე მხრივ, ახორციელებენ ამ თემებთან დაკავშირებით აქტივობებს.
ძნელია ზუსტად ითქვას როგორ დაიწყო ევროპული კლუბების იდეა, თუმცა მისი ანალოგი ინიციატივა პირველად 1980-იან წლებში პორტუგალიაში, მარგარიტა ბელარდის მიერ დაარსდა. იმ დროისთვის პორტუგალია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა პირველ ნაბიჯებს დგამდა. შესაბამისად, დადგა აუცილებლობა ახალგაზრდა თაობას სწორი წარმოდგენა ჰქონოდა იმ ობიექტურ მოცემულობასა და შესაძლებლობებზე, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოლონეთმაც დაიწყო ევროკავშირისკენ სვლა. დადგა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა. სწორედ ამ კონტექსტში დაფუძნდა პირველი ევროპული კლუბები პოლონურ სკოლებში. თავდაპირველად, ევროპული კლუბების ფუნქციას ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა, ხოლო 2004 წლიდან, როდესაც პოლონეთი ევროკავშირს შეუერთდა, ევროპული კლუბების საქმიანობა მთლიანად აქტიური მოქალაქეობისა და ევროპული იდეების გავრცელებაზე ფოკუსირდა. ჩვენი პროექტი მეტწილად პოლონურ გამოცდილებას ეფუძნება. დღესდღეობით ევროპული კლუბები პოპულარობით სარგებლობენ ევროპის რიგ ქვეყნებში. კერძოდ, პორტუგალიაში, ლატვიაში, პოლონეთში, გერმანიასა და საფრანგეთში. დამატებითი ინფორმაცია ევროპული კლუბების შესახებ, პოლონეთის მაგალითზე, შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე : http://clubbingeurope.schuman.pl/en/clubbing-europe-projekt
· რას ვგეგმავთ ჩვენ?
ევროპული ქვეყნების გამოცდილებისა და ქართული რეალობის გათვალისწინებით პროექტის ფარგლებში შემუშავდა ევროპული კლუბების ფუნქციონირების სარეკომენდაციო პროგრამა. კლუბებში ჩართულ მოსწავლეებს ექნებათ საშუალება:
· მიიღონ ინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების შესახებ
· მეტადგაეცნონ ევროპულ კულტურას, ლიტერატურას, კინოსა და მუსიკას
· გაეცნონ ევროპული დემოკრატიის იდეებს და უკეთ გაიაზრონ ადამიანის უფლებების მნიშვნელობა და პრიმატი
· მიიღონ ინფორმაცია ევროპის ქვეყნების ეკონომიკური თუ სოციალური სისტემებისა და ევროპული ბაზრის შესაძლებლობების შესახებ
· გააცნობიერონ აქტიური მოქალაქეობისა და მოხალისეობის მნიშვნელობა და განავითარონ შესაბამისი კომპეტენციები
საპილოტე სკოლებში მიღებული გამოცდილების საფუძველზე მოხდება ინიციატივის ფართო სასკოლო ქსელში გავრცელების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
You must be logged in to post a comment.