15 დეკემბერს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის(MSDC) წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მომზადებული მუნიციპალიტეტების 2021 წლის შეფასების შედეგები წარმოადგინეს და გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში შემავალი მუნიციპალიტეტები დაასახელეს. ამ ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი (OSGF).
საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საშუალო შედეგი, 2021 წელსაც დაბალია – 28%.
მერიების საშუალო შედეგია – 26%, ხოლო საკრებულოების კი 31%. ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის წინა,2019 წლის შედეგები პრაქტიკულად იგივე დარჩა.
2021 წლის შეფასების მიხედვით, საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი დასახელდა. 100%-იან შეფასების სკალაზე მას 70%-იანი შედეგი აქვს. ქალაქ ფოთის შემდეგ საუკეთესო შედეგები აქვთ ქალაქ რუსთავის (66%), ლაგოდეხის (61%), ოზურგეთის (58%) და ზუგდიდის (52%) მუნიციპალიტეტებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაღალი მაჩვენებელი უმეტესწილად განაპირობა ლაგოდეხის საკრებულოს გამორჩეულმა შეფასებამ (79%), რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია როგორც წარმომადგენლობით, ისე აღმასრულებელ ორგანოებს შორის.
რაც შეეხება რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე მუნიციპალიტეტებს, მათ შორის არიან ადიგენის (4%), ნინოწმინდის (5%), თერჯოლის (5%), ასპინძის (6%) და ზესტაფონის (6%) მუნიციპალიტეტები. ვერც ერთმა მათგანმა რეიტინგის 10%-იან ზღვარს ვერ მიაღწია.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ: ინდექსი სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალური ხელისუფლების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს. 2017, 2019 და 2021 წლების შედეგები და მუნიციპალიტეტების რეიტინგები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.LSGIndex.org