“ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა – მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 3” ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში. პროექტი რამდენიმე სასწავლო კომპონენტს მოიცავს, რომელთა შორის მენტორობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მენტორობა გულისხმობს უფრო გამოცდილი მეწარმეებისა და მათი ახალბედა კოლეგების თანამშრომლობას. ტრენინგისგან განსხვავებით, ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რომელიც მიმართულია არა მარტო კვალიფიკაციის ამაღლებაზე, არამედ დამწყებ მეწარმეთა მოტივირებაზე, გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბებასა და მათი მიდგომების ტრანსფორმაციაზე.
პროექტი აქტიურად იყენებს წინა ფაზებში დაფინანსებულ მიკრომეწარმეთა პოტენციალს, ვინც საკუთარი თავი გამოავლინა არა მარტო შესაბამისი საქმიანი, არამედ ადამიანური თვისებებით და ვისაც გააჩნია ადამიანების მოტივირების უნარი. მიმდინარე წელს პროექტის შვიდმა მენტორმა ჩაატარა შეხვედრები თოთხმეტ ბენეფიციართან. თავდაპირველად დამწყები მეწარმეები ეწვივნენ მენტორებს მათ მეურნეობებში და გაეცვნენ საწარმოო პროცესებს, მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. შემდეგ უკვე მენტორებმა მოინახულეს ახალბედა კოლეგები, დაათვალიერეს მათი მიკროსაწარმოები და პრაქტიკული რეკომენდაციები მისცეს მათ.
დამწყებმა მეწარმეებმა დადებითად შეაფასეს მენტორებთან თანამშრომლობა, თერთმეტმა მათგანმა გაითვალისწინა მენტორის მიერ მიცემული რჩევები. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ურთიერთობები სასარგებლოა არა მარტო დამწყები მეწარმეებისთვის, არამედ მენტორებისთვისაც, რომლებიც ამგვარად აფართოვებენ სოციალურ წრეს, იმაღლებენ ცოდნის დონეს და თვითშეფასებას. მენტორებსა და ახალბედა მეწარმეებს შორის ხშირად ყალიბდება არაფორმალური, მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც ბევრ შემთხვევაში პროექტის დასრულების შემდეგაც გრძელდება.
მენტორები ბევრს მუშაობენ საკუთარ თავზე, ეცნობიან სიახლეებს პროფესიულ დარგში, აფართოვებენ საქმიან კავშირებს. მაგალითად, პროექტის მენტორმა მამუკა იმნაძემ სოფ. გვიმბალაურიდან (ლანჩხუთი) რამდენიმე დღის წინ მონაწილეობა მიიღო მეფუტკრეობის პროდუქტების ერთ-ერთ რეგიონულ გამოფენაში, სადაც მთელი დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეები იყვნენ წარმოდგენილი. ხსენებულ გამოფენაში ასევე მონაწილეობდა პროექტის წინა ფაზაში დაფინანსებული ორი მეფუტკრე ზესტაფონიდან.
პროექტის ბენეფიციარები მადლიერებას გამოხატავენ მენტორების მიმართ. „მე ძალიან გამომადგა ჩემი მენტორის, ქ-ნ ლელა კეჭაყმაძის რეკომენდაციები“, – ამბობს ირინა გელაძე სოფ. გულეიკარიდან (აბაშა), რომელმაც პროექტის ხელშეწყობით საკონდიტრო ბიზნესი წამოიწყო. „ის ძალიან დამეხმარა ჩემი პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში. მინდა მადლობა ვუთხრა თქვენს პროექტს და BP-ის არა მარტო იმისათვის, რომ დამაფინანსეთ, არამედ ასეთ კარგ ადამიანებს რომ დამაკავშირეთ“.
You must be logged in to post a comment.