ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საშუალო შედეგი, 2019 წელსაც დაბალია – 28%. მერიების საშუალო შედეგია – 25%, ხოლო საკრებულოების კი 31%.

2019 წლის 2 ივლისს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით მომზადებული მუნიციპალიტეტების 2019 წლის შეფასების შედეგები წარმოადგინეს და გამჭვირვალობის რეიტინგის პირველ ხუთეულში შემავალი მუნიციპალიტეტები დააჯილდოეს. აღნიშნული პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი (OSGF).

2019 წელს საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი დასახელდა. 100%-იან შეფასების სკალაზე მას 61%-იანი შედეგი აქვს. ბათუმთან ერთად, ასევე დაჯილდოვდნენ რუსთავის (57%), ლაგოდეხის (56%), ზუგდიდის (55%) და თეთრიწყაროს (52%) მუნიციპალიტეტები. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაღალი მაჩვენებელი უმეტესწილად განაპირობა ლაგოდეხის საკრებულოს გამორჩეულმა შეფასებამ (87%), რაც საუკეთესო შედეგია როგორც წარმომადგენლობით, ისე აღმასრულებელ ორგანოებს შორის. შედეგად, მუნიციპალიტეტთან ერთად ლაგოდეხის საკრებულოც დაჯილდოვდა შესაბამისი სიგელით.

რაც შეეხება რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე მუნიციპალიტეტებს, მათ შორის არიან ახალქალაქის (6%), ნინოწმინდის (7%), ასპინძის (7%), ადიგენის (8%) და სამტრედიის (9%) მუნიციპალიტეტები. ვერც ერთმა მათგანმა რეიტინგის 10%-იან ზღვარს ვერ მიაღწია.

“წელს უკვე მეორედ ჩვენ ვაფასებთ მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობას საქართველოში. აღსანიშნავია, რომ მერიების და საკრებულოების გამჭვირვალობამ იმატა. მიუხედავად ამ პროგრესისა, მნიშვნელოვანია მეტი არსებითი ცვლილება, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების პოლიტიკური ნება და გამბედაობა, რომ სხვადასხვა კრიტერიუმით ღიაობა უფრო მაღალ ხარისხში აიყვანონ. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ისეთ ცხელ საკითხებს, როგორიცაა დასაქმებულთა მაჩვენებელი, ადმინისტრაციული ხარჯები თუ საკადრო პოლიტიკა, რაზეც ხშირად გვესმის სხვადასხვა სკანდალური ინფორმაცია ნეპოტიზმთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კორუფციული საკადრო პოლიტიკის შესახებ და ასე შემდეგ.”

ვახტანგ ნაცვლიშვილი, ღია საზოგადოების ფონდის მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამის წარმომადგენელი.

„2019 წლის შეფასების შედეგების მიხედვით, მუნიციპალიტეტების დაახლოებით 40% ვერ ცდება ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების 20%-იან ზღვარს. ყველაზე ცუდი პრაქტიკა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებაზე ფიქსირდება. თითქმის არ ხდება მოქალაქეთა მომსახურების სფეროში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნა კანონისმიერი ვალდებულებაა, 11 მუნიციპალიტეტში ისინი დღემდე არ შექმნილა.“

CTC-ის ექსპერტი, გიორგი ტოკლიკიშვილი:

IDFI-ის მედიის, ინტერნეტისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ტურაშვილმა ყურადღება გაამახვილა 2017-2019 წლებში მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის ძირითად ტენდენციებზე და აღნიშნა, რომ „ინდექსის სამივე თემატური ბლოკის (ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა, მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება) მიმართულებით თითქმის პროპორციული 6-7 პროცენტიანი გაუმჯობესება დაფიქსირდა.“

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ: ინდექსი სწავლობს და აფასებს საქართველოს მუნიციპალური ხელისუფლების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს. 2017 და 2019 წლების შედეგები და მუნიციპალიტეტების რეიტინგები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.LSGIndex.org

 

 

საქართველოს მუნიციპალიტეტების ერთიანი ეროვნული შეფასების ანგარიში >>