პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მხარდაჭერილ მიკრო–მეწარმეთა პროფესიული უნარების ამაღლება სხვადასხვა ტრენინგის მეშვეობით. აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში ამა წლის 2–3 ივნისს ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. პატარა ჯიხაიშში ჩატარდა პროფესიული ტრენინგი დამწყები მეფუტკრეებისთვის. ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე თემურ ღოღობერიძე, ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 15 ადამიანმა.
გასვლითი სესიის მეშვეობით მონაწილეებს საშუალება მიეცათ თავად დაეთვალიერებინათ მოწინავე საფუტკრე, ინვენტარი და ინსტრუმენტები, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მოესმინათ პასუხები არა მარტო საკუთარ, არამედ სხვების მიერ დასმულ პრობლემურ კითხვებზე, გაეცვალათ აზრები და კონტაქტები, რამაც საერთო ჯამში არსებითად გაზარდა ტრენინგის ეფექტიანობა.
დღის წესრიგის ერთ–ერთი ძირითადი თემა იყო ფუტკრის ოჯახების გაყოფა. რასაკვირველია, ზოგადად ყველა მეფუტკრეს ჰქონდა წარმოდგენა აღნიშნული პროცესის შესახებ, თუმცა ბევრი საგულისხმო დეტალი გაიგეს, კერძოდ, ის, თუ როგორ უნდა ამოირჩეს ჩარჩოები, როგორ უნდა მოიძებნოს დედა ფუტკარი, რა მანძილი უნდა იყოს სკებს შორის და ა.შ. განმარტებას მოჰყვა გაყოფის პროცესის პრაქტიკული ჩვენება, რამაც მონაწილეთა ცოცხალი ინტერესი გამოიწვია.
დიდი ყურადღება დაეთმო დაავადებების პროფილაქტიკას, ტრენერმა დეტალურად აღწერა ფუტკრის ძირითადი დაავადებების – ვაროატოზის და ნოზემატოზის სიმპტომები, მათი თავიდან აცილების ღონისძიებები, სამკურნალო პრეპარატები და სხვ.. მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა ფუტკრის რძის მიღება და დედა ფუტკრების გამოყვანა. განსაკუთრებული ინტერესს წარმოადგენდა ფუტკრის რძის მიღება და დედა ფუტკრების გამოყვანა. რასაკვირველია, დამწყები მეფუტკრეებისთვის მსგავსი ცოდნა შეიძლება ნაადრევად ჩაითვალოს, მაგრამ ტრენერი დაუზარებლად უზიარებდა მათ ინფორმაციას. ტრენინგის მონაწილეები ყურადღებით ისმენდნენ ყოველ სიტყვას, აკეთებდნენ ჩანაწერებს, ზოგიერთი განსაკუთრებით მონდომებული კი ტელეფონით ვიდეოსაც იღებდა.
დღის ბოლოს დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი მონაწილეები გამოხატავდნენ დიდ მადლიერებას როგორც უშუალოდ ტრენერის, ასევე CTC-ის და პროექტის დონორის BP-ის მიმართ, რომლის წყალობითაც გახდა შესაძლებელი ასეთი ინფორმატიული და სასარგებლო ტრენინგის მოწყობა.
უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ასევე პროფესიული ტრენინგის ჩატარება სასათბურე მეურნეობის მქონე ბენეფიციარებისთვის.
You must be logged in to post a comment.